როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, რა შეთანხმებას მიაღწია ოპოზიციამ და ხელისუფლებამ

09 მარტი 2020, 10:27 2855 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 120/30 მოდელით, ამას პარლამენტი გადაწყვეტს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

თუ კანონპროექტი დამტკიცდა, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 წევრიდან 120 პროპორციული სიით მოხვდება, ხოლო 70-ის ნაცვლად, 30 მაჟორიტარი აირჩევა.  მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელიც არჩევნებში 40% მხარდაჭერას და პლიუს 28 მაჟორიტარს გაიყვანს. ანუ მიიღებს 76 მანდატს, რაც მთავრობის დასამტკიცებლადაა საჭირო.

სხვა შემთხვევაში, თუ ასეთ მხარდაჭერა ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ექნება, პარლამენტში შესულ სხვა პარტიებთან მოუწევს კონსულტაციები. 

რაც შეეხება 1% ბარიერს, ესეც სიახლეა, რადგან ამ დრომდე პარლამენტში მოსახვედრად 3% ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რასაც ხშირად პატარა პარტიები ვერ ახერხებდნენ. ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა პარლამენტში იმაზე მეტი პარტია შევიდეს, ვიდრე ეს მანამდე იყო შესაძლებელი. მაგალითად "ლეიბორისტულ პარტიას" და "რესპუბლიკურ პარტიას" რამდენჯერმე დააკლდათ 3% ბარიერის გადასალახავად ხმათა რაოდენობა.  

წინა საარჩევნო მოდელი მიხედვით, ამ პარტიებზე მიცემულ ხმები, იმ პოლიტიკურ ძალაზე გადადიოდა, რომელსაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა ჰქონდა.

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება , - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კომპრომისით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში