"ღორჯომი-ბახმაროს" დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოებმა დალაშქრეს

09 აგვისტო 2022, 16:16 599 ნახვა

"ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“ - ასე ჰქვია სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტს, რომელიც გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფოტური სოფელ ღორჯომიდან დაიწყო და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე დასრულდა. ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს.

"ღორჯომის ხეობაში, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. უკვე მზადაა პროექტი, რომელიც გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს.

ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და  ჩანჩქერები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში