იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გორში წარადგინა

09 აგვისტო 2022, 21:26 514 ნახვა

იუსტიციის მინისტრი საქართველოს ქალაქებში უწყების საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაიცას საქართველო იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავის, ბათუმისა და თელავის შემდეგ რატი ბრეგაძე გორს ეწვია

მინისტრის ანგარიში იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალი სსიპებ-ის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და იმ პროგრესს ასახავს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე იქნა მიღწეული. კერძოდ:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“;

ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია;

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში;

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“);

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან;

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 12 ადმინისტრაციულ ერთეულში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;

პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება;

პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში