საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა

16 აგვისტო 2022, 17:23 607 ნახვა

საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. დღეს ის თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს,  საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას. ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. მათ შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა,  თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში