უამინდობის გამო ქუჩები დაიტბორა ქობულეთში

03 ოქტომბერი 2022, 17:52 768 ნახვა

მოსულმა უხვმა ნალექმა ქობულეთში მცხოვრებლებს პრობლემა შეუქმნა. მდინარე აჭყვის ადიდების გამო ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, რუსთაველის მე-2 ჩიხში მცხოვრები მოსახლეობის  მიწის ნაკვეთები დაიტბორა.  ბაზრამდე მისასვლელ  საავტომობილო გზაზე კი ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ.

მოვაჭრეები ამბობდნენ,  რომ ბაზრის ტერიტორია წვიმის დროს მუდმივად იტბორება,  რაც მათ პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლის.  ირკვევა, რომ მიმართეს ქობულეთის მერიას, თუმცა პრობლემა  ისევ აწუხებთ.  

მოსახლეობას მიაჩნია, რომ ქუჩების დატბორვის მთავარი მიზეზი, სწორედ მდინარე აჭყვას კალაპოტს უკავშირდება, რომელიც მათი თქმით, გასაწმენდია.

ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაა შექმნილი.

უწყებაში წერილობით გვიპასუხეს. განაცხადეს, რომ მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხდება სრულად მიმდებარე არხების გაწმენდაც.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი სრულად იქნება აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში