ქედის სატრანსპორტოს ყოფილ უფროსს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

02 თებერვალი 2023, 11:06 466 ნახვა

,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ  დღეს მიმართავს. გიორგი ბარამიძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა“ და ქედის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 ათას  933 ლარი. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  გიორგი ბარამიძეს  7-დან 11 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში