5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ - შემოსავლების სამსახური

07 თებერვალი 2023, 21:49 663 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სურს გამოეხმაუროს დღეს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.

საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი თ/მ NIKOLAY MESHKOV, რომელიც დატვირთული იყო ერთ-ერთი კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, 4 718,411 ტონა კოქსით (მყარი საწვავი).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში – მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში