ანაკლიის განვითარებაზე მკაფიო გეგმა გვაქვს, დღეისთვის საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული - ლევან დავითაშვილი

13 მარტი 2023, 16:01 476 ნახვა

„დღეისთვის საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული და ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ბევრი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს იქნება წამყვანი საპორტო ოპერატორები, მშენებელი ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები, რომლებიც დღეს აქტიურ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციებს ჩვენს სააგენტოსთან"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი დაიწყო გასული წლის სექტემბერში და მიმდინარე წელს, კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად დაიწყო კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

"პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს ორი თვის განმავლობაში. ერთ თვეში გვექნება პირველადი ინფორმაცია, შემდეგ უნდა გადავიდეთ წინადადებების მოთხოვნის ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდა დავაზუსტოთ პარამეტრები და პირობები, რომლებიც ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე ფიქსირდება. იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ასეთ პარტნიორს შევარჩევთ. პარალელურად, ის ტერიტორიები, სადაც უნდა მოხდეს პორტის განვითარება, უკვე ეკუთვნის სახელმწიფოს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს.

ეს სააგენტო მიმდინარე კვირაში დააფუძნებს სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს არსებული დოკუმენტების განახლებას, ეს იქნება გარემოზე ზემოქმედების არსებული დოკუმენტაცია, ტექნიკური-დოკუმენტაცია, რომ შევძლოთ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება და მობილიზება, რომ დრო არ დაიკარგოს. შემდგომში, ეს ყველაფერი იქნება იმ ერთობლივი კომპანიის ნაწილი, სადაც ჩვენ კერძო პარტნიორს შევარჩევთ. მკაფიო გეგმა გვაქვს ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით და გეგმაზომიერად მივყვებით მას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ყულევის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყავთ ახალი ინვესტორი, რომელიც ყულევის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობას განახორციელებს.

"პირველ ეტაპზე იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც ჩაიდება, სულ მცირე, 30 მილიონი დოლარი და  შემდეგ ეს ტერიტორია განვითარდება სამრეწველო კუთხით. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ჩვენ გვყავს ახალი ინვესტორი, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს და უკვე რეალური შედეგები გვექნება. ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რა გეგმაც გვქონდა თავის დროზე. კომპანიას ჰქვია „ბლექ სი პეტროლეუმი“, ეს არის კომპანია, რომელიც განახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში