ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ახლა გამოცოცხლდნენ და აქციას ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ეს გარკვეულწილად ცინიზმია - პაპუაშვილი

16 მარტი 2023, 13:45 534 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელს“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებიათ და ახლა 12 პუნქტთან დაკავშირებით აქციას ნიშნავენ.

პაპუაშვილის თქმით, გარკვეულწილად ეს არის მათი მხრიდან ცინიზმი.

„გუშინ აქ მარკერებით რომ დადიოდა ზოგიერთი დეპუტატი, თითი თითზე არ დუდიათ, რათა რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. ყველას შევახსენებ, რომ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ცვლილებას არ უჭერდა მხარს, საერთოდ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, არ მონაწილეობდნენ კომიტეტის სხდომებში, კენჭისყრებში. ყველაფერს აფუჭებდნენ, თუ რამე შეეძლოთ, რომ გაეფუჭებინათ. დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ, ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს, თუ აქციას ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით. ეს ალბათ გარკვეულწილად ცინიზმია. ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ თავს დროზე, ივნისში დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, და იცით, რომ ევროკომისიის იანვრის შეფასებამ, რომელმაც სამივე ქვეყნის საბოლოო შეფასება გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ უსამართლოდ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატუის სტატუსი, ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის მაშინ და რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რათა ჩაიშალოს პუნქტების შესრულება"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ რეკომენდაციების შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული.

პარლამენტის თავმჯდომარის გამარტებით, არსებობს ორი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც ოპოზიციის გარეშე რთულია.

„ერთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. იმედია, ის გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ ომბუდსმენის არჩევის პროცესში, აქაც პარტიებს განაწყობს კონსტრუქციული თანამშომლობისკენ. მეორეა ე.წ. დეპოლარიზაცა, რომელიც სინამდვილეში არ არის პრობლემა, პრობლემა არის რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ ეს დღეები ვაკვირდებოდით. სიმართლე გითხრათ, აქ უკვე ამოწურული მაქვს ყოველგვარი იმედი, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზაციით არის დაკავებული, რამენაირად გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას და რაიმეს გააკეთებს, რათა ეს რეკომენდაცია შესრულდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ვინმე თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, არჩევნებს დაელოდოს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები.

„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - ეს აბსურდია. ვადამდელი კი არა, მორიგი არჩევნები იქნება ცოტა ხანში. რაღა დარჩა იმისთვის, რომ დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდი მორიგ არჩევნებამდე. ამიტომ ვისაც რაიმე ეჭვი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობაში და ვინმე თუ დარწმუნებულია საკუთარ ძალებში დაელოდოს ვადამდელ არჩევნებს და როგორც 9 არჩევნებში გამოჩნდა, რომ არიან მარგინალები, ზუსტად ისე გამოჩნდება მე-10 არჩევნებში, რომ არიან მარგინალები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში