დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დევნა დაიწყო

28 მარტი 2023, 14:16 496 ნახვა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ამერიკის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა რომ ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად 2019 წელს თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა “ფორსაჟი” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ. 2020-2022 წლებში,  დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს. 

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა, რომელიც პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე განათავსა, თანხის ნაწილით, კი უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. 

წარდგენილი ბრალი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში