ენმ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს

22 მაისი 2023, 14:09 533 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს პარლამენტმა დაიწყოს ერთი წლის წინ ინიცირებული პროექტის განხილვა, რომლითაც პირებს, რომლებიც სამხედრო აგრესიაში მონაწილეობისთვის დასანქცირდნენ,   საქართველოში შემოსვლა აეკრძალოთ.  საუბარია, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე.

ცვლილებებით, სავიზო ვალდებულებისგან აღარ თავისუფლდებიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დარღვეული აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვერ ისარგებლებენ 1 წლიანი საგამონაკლისო ვადით.

საკითხს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დააყენებენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები განმარტავენ, რადგან არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მომავალშიც არ შემოვლენ ქვეყანაში სანქცირებული პირები. ''ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივების მხარდაჭერას არ აპირებენ მმართველი გუნდის წევრები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანა ვერ დაუწესებს რუსეთს სანქციებს, რადგან ეს ქმნის ომისა და ეკონომიკური კრიზისის რისკებს. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველო ვერ იღებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიებს, "ვერავინ მოგვთხოვს ჩავაყენოთ ჩვენი ხალხი რისკის ქვეშ."

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში