პროკურატურამ გამოძალვაში დახმარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

13 სექტემბერი 2024, 17:06 181 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი, საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეესწრო მომხდარს და ფლობდა ინფორმაციას მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, საპატიმრო გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში