მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

06 ნოემბერი 2024, 13:58 308 ნახვა
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში! მახსენდება ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულების გზები.

ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ", - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა. 

დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.  

„გილოცავთ, არჩეულო პრეზიდენტო ტრამპ, თქვენს ისტორიულ გამარჯვებას არჩევნებში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას მომავალ წლებში. როგორც უახლოესი მოკავშირეები, ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად, ეკონომიკური ზრდიდან და უსაფრთხოებიდან – ტექნოლოგიებამდე და ინოვაციებამდე. მე ვიცი, რომ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას მომავალ წლებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს. 

„ძვირფასო დონალდ და მელანია, გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას. თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში გვთავაზობს ახალ დასაწყისს ამერიკისთვის და ვალდებულებას – ისრაელსა და ამერიკას შორის დიდებული ალიანსისთვის. ეს დიდი გამარჯვებაა. თქვენი ნამდვილი მეგობრები, ბენიამინ და სარა ნეთანიაჰუები“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა  დონალდ ტრამპს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ. მას მიაჩნია, რომ ტრამპის ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები .

„მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რათა მშვიდობა ნატო-ს მეშვეობით გავაძლიეროთ“, - წერს სოციალურ ქსელში მარკ რუტე.

დონალდ ტრამპთან მუშაობისთვის მზად არის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.  იგი  ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით. თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემით და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

გულთბილ მილოცვას უგზავნის დონალდ ტრამპს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის განცხადებითაც, ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. 

"გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს“, - დაწერა სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ხაზი გაუსვა გერმანია - აშშ-ის დიდხნიან, წარმატებულ მუშაობას ატლანტიკის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. 

„ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევას. გერმანია და აშშ, დიდი ხანია, წარმატებულად მუშაობენ ატლანტიკის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“, -წერს ოლაფ შოლცი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში