ირანი აშშ-ის ბრალდებებს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს

09 ნოემბერი 2024, 12:21 220 ნახვა

ირანის ხელისუფლება, აშშ-ის ბრალდებებს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით უარყოფს.

აშშ-ის ოფიციალური პირების წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობებში ირანის მონაწილეობის შესახებ ბრალდებებს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ უსაფუძვლო უწოდა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა წარსულში გაკეთებულ მსგავს ბრალდებებზე მიუთითა, რომელთა სიცრუე, მისი თქმით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაადასტურა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრალდებები არის შემაშფოთებელი შეთქმულება, რომელიც ორგანიზებულია სიონისტური და ანტიირანული ჯგუფების მიერ და მიზნად ისახავს, კიდევ უფრო, გაართულოს ურთიერთობები აშშ-სა და ირანს შორის.

როგორც ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ და ლეგალურ საშუალებას როგორც შიდა, ისე, საერთაშორისო დონეზე, ირანელი ხალხის უფლებების დასაცავად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში