ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე - პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2025, 12:44 130 ნახვა

იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. პოლიციას შესაძლებლობა ექნება, მათ სხვა გეზი მიუთითოს, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს  კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება სრულად შესაბამისობაშია როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან.

„შესაბამისად, რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება მთლიანად კანონპროექტს, შინაარსს, ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არშექმნას. შეტყობინების წესი დღესაც მოქმედებს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, პოლიციას შესაძლებლობა ექნება, სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია, როცა მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც საკმარისი რაოდენობა არ არის ადამიანებისა და გზა არ უნდა იკეტებოდეს. კარგია, რომ ამაზე შეთანხმდა მთლიანად საზოგადოება, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციებში არიან ჩართული, ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და სრული გაგება არსებობს, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. საკმარისი რაოდენობა არც იმისთვის იყო, რომ საავტომობილო გზა გადაეკეტათ, მაგრამ ხელოვნურად კეტავდნენ. გახსოვთ, ჯაჭვს შექმნიდნენ ხოლმე და ასე კეტავდნენ. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს გადაკეტვა, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში