2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი - პრემიერი

09 დეკემბერი 2025, 14:07 96 ნახვა

ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასახავს  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის  2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური, ეკონომიკური, თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველო, წლების განმავლობაში, გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია.

„ჩემთვის პატივია, გიმასპინძლოთ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას.  საქართველოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან  სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამ წლების მანძილზე, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერასა და მშვიდობის მშენებლობას. წელს, როდესაც გაეროს ქარტიის მე-80 წლისთავს აღვნიშნავთ, მსოფლიო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე, თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის  ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს.  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით,  ეკონომიკური ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1% იქნება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში