საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ - გიორგი გახარია

08 ოქტომბერი 2020, 11:27 1933 ნახვა

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ - აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, კომპანიები შეღავათებს მიიღებენ, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადზე. საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ და კონკრეტულ მიმართულებებზე ჩამოყალიბდებიან.

„საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, არის ის საგადასახადო შეღავათები, რომელზეც მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, მექანიზმი, რომელიც დღეს გვაძლევს შესაძლებლობას, კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.

ეს არის, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს მცირდება 5%-მდე. რატომ არის ეს დღეს მნიშვნელოვანი, რადგან პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდში გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა, იმისთვის რომ საქართველოდან იმუშაონ. 

ძირითადად, დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმსჯელებთ, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები, მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე, აიტიკომპანიები. მოგეხსენებათ,ეს ორივე მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ტრანსპორტი და ლოჯისტიკა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, ისევე, როგორც აიტიმიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს ორი დარგის, აიტი და საზღვაო კომპანიები. ამის შესახებ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა.

''ორი სფეროა: ეს არის აიტისაქმიანობა და საზღვაო სერვისები. ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადება, აქ დადგენილებაში მთელი რიგი ჩამონათვალია, რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, ძირითადს გამოვყოფ - გემის გაქირავება ეკიპაჟთან ერთად და უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი,გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა და საკვები პროდუქტებით მომარაგება,გემების რემონტის კოორდინირება, ინსპექტირების ჩატარება და ა.შ

რაც შეეხება დაბეგვრის რეჟიმს. ეს არის 5% მოგების გადასახადი და ასევე 5% საშემოსავლო ნებისმიერ დაქირავებულ მუშაკზე. დამატებით არის ხარჯების ნუსხა, რომლითაც მოგების გადასახადის შემცირება შეუძლია. აქ არის ორი ტიპის ხარჯთან საქმე- პირველი,ეს არის საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი ,დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი, სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ, ანუ სრულად შეამცირონ მოგების გადასახადი. მეორე არის,საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო კვლევები, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქციო მომსახურების ხარჯები,ე.წ. არენდის ხარჯები'' - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში