საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა - პროკურატურა

16 ოქტომბერი 2020, 17:52 1295 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა.  უწყების შუამდგომლობით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული კ.რ. საქართველოს გადმოსცეს.

ინტერპოლის არხებით და წითელი ცირკულარით ძებნა 1994 წლის 19 თებერვალს, თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობდა.

''საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, ძებნილი კ.რ. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა 2020 წლის  21 მარტს დააკავეს და იგი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იქნა აყვანილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურა კ.რ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით  ძებნას,  1994 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის ამჟამად  მსჯავრდებულ სხვა პირებთან ერთად ჩადენილი  ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს, და ფ.მ.-ს განზრახ  მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა. 

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა  ვ.მ.  გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან - ნ.მ.-სგან და ფ.მ.-სგან გამოსასყიდის სახის 75 000 აშშ დოლარის მიღების შემდგომ, იმავე წლის  28 იანვარს  გაათავისუფლეს.

მოგვიანებით  დაზარალებულისთვის და მისი მშობლებისთვის  გამტაცებლების ვინაობა  ცნობილი გახდა,  რაც თავის მხრივ ასევე ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის. იმის შიშით, რომ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების საფრთხე რეალური იყო,  ამჟამად მსჯავრდებულები ვ.გ., კ.რ., მ.მ., გ.ქ., გ.ო. და რ.დ. 1994 წლის 19 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს და მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში,  რა დროსაც  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლით  ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს.  მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განაჩენით კ.რ. სხვა დამნაშავე პირებთან ერთად ცნობილია დამნაშავედ'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსჯავრდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის უკვე საქართველოს საპატიმროშია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში