საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა

30 ნოემბერი 2020, 20:05 1277 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. ილიას ზუროსის გუნდმა შვეიცარიის ნაკრები 91-84 დაამარცხა, რომელმაც ორი დღის წინ სერბეთის ნაკრებს აჯობა.

პირველი სამი პერიოდი, საქართველომ მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ 11-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. საფინალო სირენამდე 3.5 წუთით ადრე საქართველოს უპირატესობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა, მაგრამ შემდეგ თორნიკე შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა მოიპოვა. ამის მიუხედავად, მოტივირებული შვეიცარია არ დანებდა და ბოლო წამამდე  იბრძოდა.

საქართველოს ნაკრებმა, საქმე ბოლომდე მიიყვანა და საბოლოოდ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ნაკრების რიგებში, საუკეთესო თად მაკფადენი იყო, რომელმაც 24 ქულა და 6 პასი მიითვალა. თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოიპოვა, ხოლო წინა თამაშის გმირმა გიორგი შერმადინმა 11 ქულას, 8 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. ქულები სხვა კალათბურთელებმაც მოიპოვეს - ბექა ბექაურმა (6 ქულა), გიორგი კორსანტიამ (9), გივი ბაქრაძემ (12), ალექსანდრე ფევაძემ (8), მერაბ ბოქოლიშვილმა (3) და ილია ლონდარიძემ (1). საქართველომ მთლიანობაში  გუნდური თამაში აჩვენა.

საქართველოს ნაკრები, 4 ტურის შემდეგ 8 ქულით ჯგუფის უპირობო ლიდერია. საქართველო ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ეტაპს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში