პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

19 იანვარი 2021, 10:32 116 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო.

სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას - 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით.

''მსოფლიო ბანკი მზად არის, განაგრძოს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ბანკის სურვილია ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის უახლესმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა. პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია Covid-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან.

მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ აშშ დოლარს მოიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში