ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

21 აპრილი 2021, 16:23 1003 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები"-წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში