მთავარი მსოფლიოში

05 მაისი 2021, 20:01 784 ნახვა

ანგელა მერკელმა მსოფლიოში ძალთა ბალანსის შეცვლის  შესახებ განაცხადა. მიზეზად იგი  ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას და  რუსეთის ნაწილობრივ ძალიან აგრესიულ პოლიტიკას ასახელებს. სხვა გამოწვევებს შორის მერკელისთვის კორონავირუსის პანდემია და კლიმატის დაცვის საკითხებია.  გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ აშშ-ი ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მისი თქმით, ევროპის სახელმწიფოებს ამდენი საერთო ღირებულება და ინტერესი მსოფლიოს არც ერთ სხვა რეგიონთან არ აქვთ.

იტალიაში უცხოელი ტურისტები კარანტინის გავლის გარეშე შესვლას მაისის შუა რიცხვებიდან შესძლებენ-ამის შესახებ  იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანა „მზადაა მსოფლიოს დაუბრუნდეს“. ვიზიტორები, რომლებმაც  ევროკავშირის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინა გაიკეთეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ან მოგზაურობამდე 48 საათით ადრე ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, იტალიაში შესვლის ნებას შეზღუდვების გარეშე მიიღებენ. ახალი რეგულაცია შეეხება ყველა ქვეყანას, გარდა იტალიის მთავრობის მიერ მოგზაურობის თაობაზე „შავ სიაში“ შეყვანილი ქვეყნებისა, მათ შორის არის ინდოეთი და ბრაზილია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ლიკუდის" ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ  მიცემულ 28-დღიან ვადაში ახალი კოალიციური მთავრობა ვერ შექმნა. ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინს შეუძლია მთავრობის ფორმირება ისრაელის პარლამენტის სხვა წევრს დაავალოს.  არჩევნების შედეგად პარტია "ლიკუდმა" ქნესეთში 30 ადგილი მოიპოვა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტია "ეშ ატიდმა" კი 17. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ პარტიის ლიდერი ხდება, რომელმაც მანდატების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ის პოლიტიკოსი დაასახელოს, რომელიც პარლამენტში შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას. თუ ქვეყანაში სამთავრობო კოალიციის შექმნის  მორიგი მცდელობაც ჩავარდება, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში რიგით  მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.

ლონდონში  დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  დიდ ბრიტანეთში ჩასული ინდოელი დიპლომატები გამონაკლისის სახით კარანტინში არ გადაუყვანიათ,  თუმცა  კორონავირუსზე ყოველდღე იტესტებოდნენ. დელეგაციის ხელმძღვანელი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად განაგრძობს.

სოტბის აუქციონი კრიპტოვალუტით ვაჭრობას აანონსებს.  12 მაისს  აუქციონის სახლი გასაყიდად გაიტანს ბრიტანელი ქუჩის  მხატვრის - ბენქსის ნახატს - ,,სიყვარული ჰაერშია’’.  სოტბის აუქციონის სახლი  კრიპტოვალუტით გადახდას თავისი არსებობის  ისტორიაში პირველად დაუშვებს.   ნახატი შეფასებულია 3-დან 5 მილიონ დოლარამდე, ხოლო მისი გადახდა ბიტკოინის ან ეთერიუმის ექვივალენტებითაც იქნება შესაძლებელი. აუქციონზე წარდგენილ ტილოზე ზეთის საღებავებით გამოსახულია საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც ყვავილების თაიგულს ისვრის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში