აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს - პაატა იმნაძე

06 მაისი 2021, 10:46 2008 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.  

მისივე თქმით, 2171 დადასტურებული შემთხვევა აღდგომამდე ქეიფების დამსახურებაა, ახალი შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება და მოსალოდნელია ვითარების გაუარესდება.

„ვითარება საკმაოდ საგანგაშოა, მოვერიდოთ ხალხმრავალ ქეიფებს, გავიკეთოთ პირბადე და დავიცვათ რეგულაციები, ძველი გამოცდილებიდან რაღაც ვისწავლოთ. საერთოდ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ხომ შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ყველას გვახსოვს, რა მოგვივიდა ნოემბერში და რატომ მოგვივიდა, ისიც ხომ გვახსოვს. დღეს თუ მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი, გავუძვრებით სიტუაციას'' - ამბობს პაატა იმნაძე. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით აღდგომის ღამეს 112-ში  700-დან 800-მდე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოძახება დაფიქსირდა. 

''წარმოდგინეთ რა სურათი იქნებოდა, აკრძალვების ფონზე გამოძახების რამდენი შემთხვევა იყო. ქეიფებს მოჰყვება უკონტროლობა, ფიზიკური სიახლოვე უფრო შესამჩნევია, ვიდრე დისტანცია - ეს კი ნეგატიურ ეპიდემიოლოგიურ შედეგს იძლევა. ეს იქნება ორი კვირის შემდეგ'' - განაცხადა ''თავისუფალ სივრცეში'' დიმიტრი ხუნდაძემ. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით 2 მაისიდან 4 მაისის 10 საათამდე საქართველოში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 658 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

რაც შეეხება კვებით ინტოქსიკაციას, სულ ქვეყანაში 411 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 194 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში