ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სკოლებში პირველკლასელთა ვაკანტური ადგილები წამებში შეივსო 

13 მაისი 2021, 11:56 2330 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ქალაქის ე.წ. პრესტიჟულ სკოლებში, ყველა თავისუფალი ადგილი შეივსო. მშობლები საყვედურობენ, რომ მათთვის სასურველ სკოლაში ვაკანტური ადგილები ისედაც მცირე იყო და ძალიან სწარაფად ამოიწურა. 

მშობლები განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში შეძლონ ბავშვების მიყვანა. 

''პირველკალსელთა რეგისტრაცია ერთგვარ ''სპორტულ სახეობად'' იქცა. ოჯახის წევრები, მეგობრები, ყველა ერთად ვისხედით და ვცდილობდით, სასურველ სკოლაში მოხვედრას. 10 წამში ყველა ადგილი შეივსო. სკოლა სახლთან ახლოს არის, მაგრამ ჩემი შვილი იქ ვერ ისწავლის. რეგისტრაციის ფორმა უნდა შეიცვალოს, ამას რამდენი წელია ვამბობთ'' - ამბობს მშობელი. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ შვილების დასარეგისტრირებლად ხშირად გამოცდილ სპეციალისტებს სთხოვენ დახმარებას, რომლებიც ტექნიკურად მონაცემებს სწრაფდ შეავსებენ. 

ბათუმში არსებული 27 საჯარო სკოლაში რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 2 746 ადგილი იყო. პირველ და მეორე ეტაპზე სკოლის თანამშრომლების შვილები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, ან ამავე სკოლის მოსწავლეების დედმამიშვილები დარეგისტრირდნენ. საყოველთაო რეგისტრაციამდე კი მხოლოდ 1 406 ადგილი დარჩა.  

''პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს დილით 9 საათზე დაიწყო, რამდენიმე წუთში რეგისტრაცია დამთავრდა. სულ იყო 68 ვაკანტური ადგილი, რაც შეივსო და უკვე დაიწყო განცხადებების მიღება. ვღებულობთ მოქალაქეებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩავრიცხავთ მოსწავლეებს. შეფერხებას რაც შეეხება, ვინაიდან მთელი საქართველო დღეს, დილიდან ამ საიტით სარგებლობს, ბუნებრივია ტექნიკური შეფერხება იქნებოდა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეთა განცხადებები ტექნიკურ შეფერხებასთან დაკავშირებით შემოსული არ არის'' - ამბობს მარიზა აბაშიძე,  მეორე სკოლის დირექტორი. 

განათლების სამინისტროს დღის ბოლოს ექნება ზუსტი მონაცემები, რამდენი ადგილია თავისუფალი და რომელ სკოლაში. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, ათწლეულობის განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე სკოლების დეფიციტს უკავშირდება, ერთ წელიწადში ვერ მოგვარდებოდა. 

''ქალაქში დამატებით სამი ახალი საგანმანათლებლო სივრცე გვექნება, ვაგრძელებთ ამ პროცესს. დაგეგმილია ახალი სკოლის მშენებლობაც ქალაქის ცენტრში. ეს არის ის ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ. ბუნებრივია ათწლეულობის განმავლობაში დაგროვილმა პრობლემამ, იმდენად იჩინა თავი, რომ ეს ერთ წელიწადში ვერ მოგვარდებოდა. წელს პირველკლასელთა რეგისტრაციაზე იყო იგივე რაოდენობა გათვალისწინებული, რაც წინა წელს. დღეს ვნახავთ რა ვითარება იქნება და გავარკვევთ, რომელ სკოლებში შეიძლება კიდევ  დამატებით ადგილების შეთავაზება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეგისტრაციის გარეშე არ დარჩეს არც ერთი ბავშვი'' - განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა.  

 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში