საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია იწყება - ნახეთ ვის შეეძლება დამატებითი აცრის გაკეთება

12 ოქტომბერი 2021, 13:22 6261 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია იწყება, რომელიც 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მეორე აცრიდან ექვს თვეში შეეძლებათ.

მისივე განმარტებით, ბუსტერ დოზების შემთხვევაში, ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშეც და რეგისტრაციითაც. რეგისტრაციისთვის პორტალი კი მომდევნო კვირისთვის ამოქმედდება.

"ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში ვაქცინის ბუსტერი დოზა დ​აიშვება. ასევე ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირებისთვის და იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის. იმ პირებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ, ორი დოზა ნებისმიერი ვაქცინით ეს იქნება "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი", თუ "ფაიზერი" მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ჩაიტარონ აცრის "ბუსტერ" დოზა. "ბუსტერი" დოზა ტარდება როგორც "ფაიზერის" ვაქცინით, ასევე სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინით, მაგრამ ბუსტერი დოზა არ ტარდება "ასტრაზენეკას" ვაქცინით. თუმცა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილ პირებს "ბუსტერი" დოზა შეუძლიათ ჩაიტარონ "ფაიზერის" ვაქცინით. პირველი კოჰორტა, ვისაც მოუწევს ბუსტერი დოზის ჩატარება, უკვე ოქტომბრის ბოლოს შეეძლება გაკეთება,თუ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და მისთვის ნაჩვენებია ბუსტერი დოზის ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს შეეხება სამედიცინო პერსონალს და მაღალი რისკის პროფესიონალებს, ვინც მუშაობენ დახურული ტიპის დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, განისაზღვა ის პირები, რომელთაც დამატებითი დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

"დამატებითი დოზის გაკეთება შეეძლება იმ პირებს, რომლებიც აცრილი არიან "სინოფარმის ან "სინოვაკის" ვაქცინის ორი დოზით. თუმცა სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის, ან რაიმე მიზნით მოგზაურობის შემთხვევაში იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მიემგზავრებიან არის მოთხოვნები დაწესებული კონკრეტულად "ფაიზერთან"  ასეთ დროს პირს შეუძლია ჩაიტაროს ვაქცინაცია "სინოფარმის" და "სინოვაკის"აცრის მეორე დოზიდან 28 დღეში, თუმცა უნდა წარმოადგინოს ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მიზნობრიობა თუ რატომ სჭირდება მას დამატებითი აცრა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში