სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აუცილებელია პირადი ექიმის ვიზიტი ციხეში - ადვოკატები 

13 ოქტომბერი 2021, 14:46 1306 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის პირად ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიუღია.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

''ბოლოს პირადი ექიმი იყო კვირას, მას შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად იმისია, რომ ჩვენ არ ვართ სამედიცინო  განათლების მქონე ადამიანები, ვიზუალურად უარყოფითი შედეგები ეტყობა, რაც შიმშილობამ გამოიწვია. პირველი სიმპტომი, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს, ეს იყო თვალშისაცემი სიფერმკრთალე. ამიტომ არის ექიმის ვიზიტი აუცილებელი'' - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

უფლებადამცველების განმარტებით, პენიტენციური სამსახური ყოველდღიურად  ქმნის დაბრკოლებებს პირადი ექიმის ვიზიტთან დაკავშირებით.

"მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება. ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა კიდევ უფრო გამძაფრებულია, საუბარია გადაადგილების სირთულეზე, საუბარია მოტორიკის ცვლილებაზე. იმ ვითარებაში, როცა შიმშილობის დღეები მატულობს, მიშას ფიზიკური მდგომარეობა იქნება სულ უფრო რთული და პრობლემური"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე.

გიორგი გელხაური კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ.

„არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაერთონ ეს ექიმები, თანახმაა, არავის არაფერი დასამალი არ აქვს. უბრალოდ მნიშვნელოვანია, მისი პირადი ექიმის ვიზიტი სასჯელაღსრულებაში.  ის მორალურად არის ძალიან მხნედ. სპეკულაციები ის უფრო არის, როცა ექიმების ჯგუფზე ვსაუბრობთ და მის პირად ექიმს არ ეძლევა მონახულების საშუალება. სპეკულაციები, რომ თავიდან ავირიდოთ, თანახმაა მაგრამ, მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან", - განაცხადა გელხაურმა.

იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში