გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა - NDI-ის კვლევა

27 იანვარი 2022, 13:16 633 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის  თანახმად, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.

კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 42 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა, 29 პროცენტი უკვე აცრილია, 25 პროცენტი კი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა. სამმა პროცენტმა არ იცის.

ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი).

ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს, ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ვაქცინირებულ მოქალაქეთა 63 პროცენტი აცხადებს, რომ აპირებს ბუსტერის გაკეთებას, გამოკითხულთა 14 პროცენტი არ აპირებს, სამმა პროცენტმა უკვე გაიკეთა, 20-მა პროცენტმა კი არ იცის.

ბავშვების ვაქცინაციის თემაზე დასმულ კითხვაზე გამოკითხულთა 59 პროცენტი აცხადებს, რომ შვილს არ აცრიდა. 26 პროცენტი აცრის მომხრეა, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში