ქობულეთის 4 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შედგა

27 იანვარი 2022, 13:53 929 ნახვა

ქობულეთში, 4 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს არ შედგა. ზენითის, აჭყვისთავის და დაგვას საბავშო ბაღებში მშობლებმა აღსაზრდელები არ მიიყვანეს.

ფიჭვნარის N7 საბავშვო ბაღი კი კორონავირუსის შემთხვევების გამო ერთი კვირით დაიხურა. ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ვირუსი მედდას და პედაგოგებს დაუდასტურდათ, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

"სააღმზრდელო პროცესი არ შედგა 4 საბავშვო ბაღში, ესენია: ზენითის, აჭყვისთავის, დაგვას და მეშვიდე საბავშო ბაღი.

სამ საბავშვო ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ გზები გაწმენდილია, მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანეს. დაგვაში დილით შუქი გაითიშა და სავარაუდოდ მიზეზიც ეს არის.

ფიჭვნარში, N7 საბავშვო ბაღში დადასტურებული გვაქვს 3 კოვიდ შემთხვევა. ინფიცირებულია პედაგოგები. კოვიდი თავიდან მედდას დაუდასტურდა, პრევენციის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხუროთ ბაღი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. უფრო ოჯახური კლასტერებია.

ბაღების დახურვის შესახებ მითითება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე სავარაუდოდ მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას და მოვიქცევით როგორც გვეტყვიან.

ჩვენ მზადყოფნა გვაქვს და კონკრეტული ხელისშემშლელი მიზეზი ეპიდსიტუაციის გარდა არაფერია, თუ რეგულაციები წამოვა სკოლებზე, ვფიქრობ ბაღებიც დაიხურება"- განაცხადა ია ხალვაშმა.

სულ ქობულეთში 29 საბავშვო ბაღი და 2400 აღსაზრდელია რეგისტრირებული, დღეს სააღმზრდელო დაწესებულებებში სულ 410 აღსაზრდელი გამოცხადდა.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში