გაიზარდა თუ არა ინტერესი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე

04 მარტი 2022, 15:13 3826 ნახვა

სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გაზრდილია ბინების ჯავშნებზე მოთხოვნა. წერენ, რომ განსაკუთრებით დიდია დაინტერესება გუდაურში, ბათუმსა და თბილისში.

თუმცა, ამ ეტაპზე, სოციალური ქსელებით გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ სამშენებლო კომპანიები და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების სააგენტოები.

საინვესტიციო კომპანია GSG დამფუძნებლის და უძრავი ქონების ექსპერტის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არ გაზრდილა.

სალომე დევაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფულს ვერ რიცხავენ, შესაბამისად ბინების ყიდვაც შეჩერებულია.

მისივე განცხადებით,  ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ რუბლის გაუფასურების ფონზე მათ სხვა ვალუტაში უძრავი ქონებით შეძენა არ უღირთ.

ექსპერტი ამბობს, რომ უკვე გაფორმებული ხელშეკრულებებიც საფრთხის ქვეშ დგანან, რადგან მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების საფასური ამ ეტაპზე ბოლომდე გადახდილი არ აქვთ. იმ შემთხვევაში თუ შიდა უპროცენტო განვადებას შეწყვეტენ  ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ, მათი შეთანხმება ანულირდება. საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ კი თანხის უკან გადარიცხვა მოუწევთ.

„ბელორუსიდან შეიმჩნევა მოთხოვნის მცირე ზრდა 1-2 წლიან იჯარებზე. ძირითადად საუბარია ევროპულ კომპანიებზე, რომელთა ოფისები ბელორუსში მდებარეობენ. საკუთარი დასაქმებულების სამუშაო და საცხოვრებელი უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

რუსეთის მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ არის. ვფიქრობ ეს გარკვეულწილად რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს და ქვეყანაში შექმნილ არაპროგნოზირებად გარემოს უკავშირდება“- განაცხადა სალომე დევაძემ.

ბათუმში მოქმედი კიდევ ერთი უძრავი ქონების  ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების ოფისის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთისა და ბელორუსის მხრიდან არა, თუმცა უკრაინელების მხრიდან ბინების ქირაობაზე მოთხოვნა გაზრდილია.

მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეში უკრაინიდან ბინების ქირაობის სურვილით 40-მდე ოჯახმა მიმართა.

კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთიდან ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილი იყო.

მათივე განმარტებით, ბოლო დღეებში შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ კლიენტებმა უკან დაიხიეს და ფულის ჩადებისგან თავი შეიკავეს.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ სასტუმროებში განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთიდან და ბელარუსის მხრიდან მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გაზრდილა.

„სასტუმროებში რუსი ტურისტების სიმრავლე ნამდვილად არ შეინიშნება. ვიცი, რომ მომატებულია ბინების სეგმენტი თბილისში და ყველაზე მეტად ბათუმში, სადაც ისინი ძალიან ბევრ სახლს და ბინას ფლობენ. სავარაუდოდ ისინი ახლა, საკუთარ სახლებში მოდიან.

 

კერძო სექტორს ეს ნამდვილად არ ეტყობა ჯერჯერობით, რომ რუსეთიდან ნაკადი მოდის“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

საპირისპიროს აცხადებენ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში. აქ ამბობენ, რომ საქართველოში რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისა თუ ბიზნეს სექტორის მხრიდან უძრავი ქონების შეძენისა და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების ინტერესი გაიზარდა. 

ისინი პარტნიორ ორგანიზაციებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ არ გახდნენ ისეთი გარიგებების მსხვერპლი, რაც შესაძლოა ქვეყანაში მოქმედ შიდა ან საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ასევე რუსეთისთვის დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გავლენის შედეგად, ბოლო ერთ კვირაში რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით მნიშვნელოვნად 28,4% და 26%-ით გაუფასურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში