„აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 264 სამხედრო გაიყვანეს, გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

17 მაისი 2022, 10:42 867 ნახვა

"აზოვსტალიდან" 264 სამხედროს ევაკუაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს. "აზოვის" პოლკის მეთაურის განცხადებით, მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს.

მისი თქმით, "აზოვის" დამცველები 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგის ძალებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "აზოვსტალიდან" ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს, 211 ადამიანი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ნოვოაზოვსკი და ოლენევკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „აზოვსტალში“ ბლოკირებულთა გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. გენშტაბი არ აკონკრეტებს, რამდენი მებრძოლი რჩება მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში