ერთი ჯოჯოხეთიდან მეორეში – რა ხდება “აზოვსტალში”

21 მაისი 2022, 14:33 1126 ნახვა

ვინ აკონტროლებს აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიას? რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  ქარხნის მიწისქვეშა ობიექტები, რომელშიც მებრძოლები იმალებოდნენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.  განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე,  ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში ამბობს, რომ  მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაციის პროცესი უახლეს პერიოდში დასრულდება და  ტერიტორიიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე უკვე გაყვანილია.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მარიუპოლის ყველა დამცველი გმირია და მათ ეცნობათ, რომ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ ქარხნიდან და გადაირჩინონ სიცოცხლე. ამას ადასტურებს აზოვის პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს გუშინდელი ვიდეომიმართვაც, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ ბრძანებაზე საუბრობს, რაც გარნიზონის სამხედროების სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ქალაქის დაცვის შეჩერებას ითვალისწინებს. 

მეორე მხრივ რუსული მხარე ავრცელებს ვიდეო მასალას, სადაც ჩანს აზოვსტალიდან ჯარისკაცების ევაკუაციის პროცესი, რომლებიც ერთგვარ შემოწმებას გადიან, ე.წ ფილტრაციას.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. აქვე რუსული მედია რია ნოვოსტი უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინას ვიდეოს ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ ვოლინა ტყვედ ჩაბარდა. პენტაგონში აცხადებენ, რომ მარიუპოლში საბრძოლო მისია დასრულდა.

პენტაგონის პრეს მდივნის ჯონ კირბის თქმით, ამას უკრაინის სამხედრო მეთაურებიც ადასტურებენ. ამასთან უწყებაში ასევე ამბობენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ლაზერული იარაღის გამოყენების მინიშნებები არ არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში