უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა ექპორტი, ტურიზმი - პრემიერი

13 ივნისი 2022, 14:33 1139 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად  ეკონომიკის მიმართულებით ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 4 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10,8%-ია, რაც იშვიათობაა. 

''მე მინდა გითხრათ, რომ საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე გეტყვით, რომ ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ექპორტი, ტურიზმი, ზოგადად ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო, დღეს ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში.

14,4% გვქონდა პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და 4 თვეში კი 10,8%, რომელიც მართლაც იშვიათობა არის. 

ამ ყველაფერს ემატება სხვა პოზიტიური მაჩვენებლებიც. არსებული საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48,4% გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი'' - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში რეკორდულია პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი და 4-ჯერ არის გაზრდილი. 

''მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა და გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიეღო, მოესმინა მტრებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის ჩართვას ომში, დღეს ქვეყანაში რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აღარაფერი იქნებოდა'' – ამბობს პრემიერი. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დამაიმედებელია.

''რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს მონაცემები განაახლა და დღეს საქართველოში კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო დაგეგმილი და რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თავიდან გვეთანხმებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ შემცირდა, საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკმა გაზარდა. ასე რომ ყველა წინაპირობა არის იმისა, რომ ჩვენ დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ამას, რა თქმა უნდა, რამდენიმე ფაქტორი ამყარებს. ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო სავაჭრო მონაცემები, რომელიც განახლდა, საკმაოდ პოზიციურია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში