სააკაშვილის პირობებში ევროპულ პერსპექტივაზე, უბრალოდ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა - ღარიბაშვილი 

24 ივნისი 2022, 15:03 727 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობებში ევროპულ პერსპექტივაზე, უბრალოდ, ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და არ ეყოლება.

„მიხეილ სააკაშვილის დროს, პოლიტიკური ნიშნით არათუ იჭერდნენ ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იცით. ის მთავრობა ართმევდა სახლებს, ბიზნესებს და ანადგურებდა ადამიანებს პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურად. ეს ეპოქა დასრულდა, მეგობრებო და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის თამასა და სტანდარტები, რომელიც დატოვა ბატონმა ივანიშვილმა, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები და იმ პოლიტიკის გამაგრძელებლები, რაც დაიწყო მან 10 წლის წინ. ეს ეხება ევროპულ ინტეგრაციას, მედიათავისუფლებას და ა.შ.

ჩვენ ახლა გვაქვს ხელშესახები რამდენიმე კონკრეტული შედეგი - ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ოცნებაც კი არ შეიძლებოდა სააკაშვილის პირობებში. დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილი, არავითარი პერსპექტივაც არ გვექნებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ასევე ამბობს, რომ ​დეოლიგარქიზაცია ქვეყანაში ნამდვილად არ არის გამოწვევა, მაგრამ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შეასრულებენ, როგორსაც სხვა დანარჩენს.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის გეგმები ისევე ჩაფლავდება როგორც სხვა დანარჩენი.

"დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების, სურვილების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი