სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

28 ივნისი 2022, 20:56 1011 ნახვა

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოზარ სუბარმა, მიხელ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია "ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია "ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განამვლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ, მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირები იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია, გარკვეული უხერხულობები შემქნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას  მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე დისკუსიაში ჩვენთან ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტში სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობს/

რადგან სამივე დეპუტატმა მმართველი პარტია დატოვა, სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში