დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინას ეთამაშება

01 ივლისი 2022, 10:29 1421 ნახვა

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ეთამაშება.

უკრაინის ნაკრები საშინაო მატჩს ნეიტრალურ მოდანზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში ატარებს.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა მნიშნელოვანია გუნდმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვოს, რადგან მეორე ეტაპზე  ნაკრებებს ეს ქულები გადაყვებათ.

მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაოზე პირველად ვიხილავთ აშშ-ში მოთამაშე კალათბურთელებს – გოგა ბითაძესა  და რატი ანდრონიკაშვილს . გუნდთან ერთად არის კაპიტანი თორნიკე შენგელია და ასევე ესპანეთში მოთამაშე გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი.

“თბილისში ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. დავამუშავეთ სხვადასხვა კომბინაცია .უკრაინა საკმაოდ ძლიერი გუნდია. მათ დასამარცხებლად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. მოთამაშეები მზად არიან და მორიგი გამარჯვებისთის მაქსიმუმს გავაკეთებთ''. განაცხადა ილიას ზუროსმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა. 

მეტოქეზე ისაუბრა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ : 

"უკრაინელებმა ჩვენთან პირველი თამაში წააგეს, ალბათ, რევანშის აღება სურთ. მეტოქეს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელი დაემატა. ვიცით, რომ მწვრთნელიც ძალიან კარგი ჰყავთ. თან ის ლატვიელია, მის სამშობლოში ვთამაშობთ და ალბათ, მეტოქეს გულშემატკივრის მხარდაჭერაც ექნება. ასე რომ, ძალიან საინტერესო მატჩი გველის”. - აცხადებს შენგელია.

ამ ნაკრებეს შორის პირველი მატჩი თბილისში გასული წლის ნოემბერში გაიმართა და  საქართველოს ნაკრებმა 88:83 მოიგო. 

საქართველო და უკრაინა ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ, აქედან 5 მოგება საქართველოს აქვს, ხოლო  1 უკრაინას.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას დღეს 1 ივლისს 20:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში