სამი დეპუტატის ერთობლივი განცხადება

04 ივლისი 2022, 14:58 476 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი. 

დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს.  

„როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ.

იმის მიუხედავად, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული „ენჯეოებისგან“ გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.   

აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს'' - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში