2023 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტების დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ლარით გაიზრდება - ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 16:24 686 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზრდილი დაფინანსების ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონ ლარი, მიმართული იქნება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებაზე.

„ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარით ზრდა შეეხება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, ჩვენ მომდევნო წლის იანვრიდან რეფერენტული ფასებით განვსაზღვრავთ წამლების ფასებს. პირველ ეტაპზე შეეხება ქრონიკულ და ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირებს. აქედან გამომდინარე, 30 მილიონი დაემატება რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ. ასევე გაფართოვდება დასაფინანსებელი მედიკამენტების სია და მეტად გავზრდით ხელმისაწვდომობასა და ადამიანების მოცვას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა დევნილთა პროგრამების დაფინანსებაზეც ისაუბრა.

„დევნილებისთვის ბინების ასაშენებლად მნიშვნელოვანი ბიუჯეტი არის გამოყოფილი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო 30 წლის განმავლობაში - 260 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება მხოლოდ ბინათმშენებლობისთვის. ასევე 30 მილიონამდე გამოყოფილია სოფლად სახლისთვის და სხვადასხვა შესყიდვის ფარგლებში. ის პირობა, რომელიც 2024 წლის ბოლომდე გვაქვს დასახული - 13 000 დევნილის ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, უკვე წელს და შემდეგ წლებში წარმატებით შესრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის 80 მილიონი ლარია გათვლილი.

მისივე თქმით,  2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მცირდება.

„რაც შეეხება კოვიდის მართვას, ნახევარ მილიარდზე მეტი გვქონდა 2022 წელს, მაგრამ 2023 წელს მნიშვნელოვნად მცირდება და 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში