ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება - მეუფე ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე

23 ნოემბერი 2022, 14:48 378 ნახვა

არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა – ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ.

ჩვენ გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს უკვე გაიარა ჯერ 90-იან წლებში შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, რომ პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია, – მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია გაბუქებულია.

„ტყუილია, გაბუქებულია ეს ინფრმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში