წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს - კობა გვენეტაძე

01 თებერვალი 2023, 14:52 395 ნახვა

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და დეკემბერში 9.8% შეადგინა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

"საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკ-ფაქტორები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება. 

"ლარის გამყარებას ან გაუფასურებას ბევრ ფაქტორს მიაწერდნენ ხოლმე. მაგალითად იმას, რომ ლარის მასა გაიზარდა ან ეროვნულმა ბანკმა შესყიდვები გააკეთა. მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არარელევანტურია, რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება. მაგალითად, 2019 წელს როდესაც ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, ამის მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვა იყო, რაც, დიდი ალბათობით, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებას ნიშნავდა. ამავე პერიოდში სავაჭრო ემბარგოს რისკიც არსებობდა. ამიტომ მოლოდინი გაჩნდა, რომ სავალუტო შემოდინება შემცირდებოდა და აქედან გამომდინარე, კურსი გაუფასურდა. იგივე მდგომარეობა იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც მობილობა და ტურიზმი გაჩერდა. ამასაც გაუფასურება მოჰყვა. დღეს განსხვავებული ვითარება გვაქვს. მოხდა ექსპორტისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, იყო გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, გაუმჯობესდა ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში