საქართველოს პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით - ილია დარჩიაშვილი 

03 თებერვალი 2023, 11:22 778 ნახვა

ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ყველა პროცედურის დაცვით ევროპულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი კითხვარი, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება გამოქვეყნდა 2022 წლის ივლისში და რომლის შესაბამისადაც, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.

 

ამჯერად, ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასების მორიგი ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.

 

ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის და ასევე, არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინიც შეიტანენ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მიწურულს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგს, ასევე, აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე. აღნიშნულ ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში