ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს - ლევან დავითაშვილი

13 მარტი 2023, 16:08 547 ნახვა

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ.

„ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ტაბლოზე არსებული ფასები რეალურ ფასს წარმოადგენდეს, რადგან ეს კომპანიების ინდივიდუალურ მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლითაც ლოიალურ კლიენტს ინარჩუნებენ.

ჩვენი მოლოდინით, ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს და „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში