სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვისთვის ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე ჯარიმა - 1 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 2 000 ლარი იქნება

13 მარტი 2023, 16:13 502 ნახვა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო.

კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე – 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი 2 000 ლარის ოდენობით იქნება.

„კანონპროექტი მომზადდა გავრცელებული მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდების გამო, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.

მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ“. ახალი პროექტის თანახმად, ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით“, – განმარტავენ მთავრობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში