არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ჩვენ სამართალდამცველი ორგანოების წინააღმდეგ ვიხილეთ - კობახიძე

30 მარტი 2023, 13:54 1117 ნახვა

არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, -  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, გუშინ დაკავებული პირის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და სადაც დანაშაული არის ჩადენილი იქ ადამიანებმა პასუხიც უნდა აგონ.

"არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ გუშინ დაკავებული პირი დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ მას ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტრიოკა არის უცხოური აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე გუშინ დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში