ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა - დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2023, 10:12 791 ნახვა

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

თავის გამოსვლაში ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკურად არის მოტივირებული და მომხდარის გამო აშშ-ს მთელი მსოფლიო დასცინის. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს, რომელმაც მას ბრალი წაუყენა, სოროსის მიერ მხარდაჭერილი უწოდა.

პროკურატურის განცხადებით, კი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრალდებულია ბიზნესდოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაში. ამის შესახებ ნათქვამია ბრალის წარდგენის დოკუმენტში, რომელიც მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრეგმა გაასაჯაროვა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა დაემალა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის 2016 წელს.

როგორც ელვინ ბრეგი ამბობს, საქმე ეხება 2016 წლის არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ თანხას, რათა ამ უკანასკნელს ტრამპთან წარსული სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა.

პროკურორის თქმით, მოგვიანებით, ტრამპმა აღნიშნული თანხა – 130 000 დოლარი, კოენს დაუბრუნა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა, თუმცა, პროკურორის თქმით, ეს ტყუილი იყო.

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში