მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში - მარიამ ქვრივიშვილი

10 მაისი 2023, 18:52 2107 ნახვა

დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს ცალმხრივად ამოქმედებული უვიზო რეჟიმი. ამასთან, 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან.

დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათი ოჯახის წევრებთან კავშირს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება პირდაპირი ფრენებს,როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც საუბარია სახმელეთო გადაადგილებაზე.

„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით და იცით ალბათ, რომ ყოველდღიურად ასობით და თვის ჭრილში, ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე.

პირდაპირი ფრენები ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციიდან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით.

მინსიტრის თქმით, არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ჯერ არ ყოფილა მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან.

„მათ შორის, როგორიც არის: ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქვე, გვინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ ოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით.

ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია და ხომალდები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებული, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში