ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნულობაზე ლაპარაკი, ვერ წარმომიდგენია - მდინარაძე

25 მაისი 2023, 14:19 620 ნახვა

ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნულობაზე ლაპარაკი, ვერ წარმომიდგენია. ყოველ ჯერზე ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას, რაც არ გამოუვათ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში დეკორაციის სახით მხოლოდ საქართველოს დროშის გამოყენებას ეხებოდა.

„ორი დღის განმავლობაში ცდილობენ დაალაგონ ყველაზე მარტივი, მდაბიო პიარკამპანია ევროკავშირის დროშასთან და დეკორაციასთან დაკავშირებით. შარშან ასეთი დროშა იყო, იმიტომ, რომ შარშანდელი კამპანიის სლოგანი იყო „ევროპისკენ“, წელს არის თავისუფლების თემატიკა. სხვა წლებში იყო სხვა თემატიკა, რუსთაველის თემატიკა, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები იყო გამოსახული და ასე იცვლება სულ დეკორაციები.

 

ამაზე უნდა ააგონ მათ კამპანია, როცა ერთი კვირის წინ ევროპის დღეები გაიმართა თბილისში და ერთი ადამიანი არ მოგვეკარა იმ ხალხისგან, ვინც ახლა ასე აღშფოთდა. მოსახლეობა და ხელისუფლება ერთად აღნიშნავდა ევროპის დღეებს და ოპოზიციიდან, ამ რადიკალებისგან და მავნებლებისგან არავინ მოგვეკარა და ახლა რაღაც კამპანია ააგეს. ახლა დავალებები ჩაშალეს რეგიონებში, რომ მარტივი მანიპულაციებით გადაფარონ რამენაირად დამოუკიდებლობის დღე. ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნულობაზე ლაპარაკი, ვერ წარმომიდგენია. ყოველ ჯერზე ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას, რაც არ გამოუვათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ამ ქვეყნიდან უკრაინას და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის.

„სანქციებს საქართველო ვერ უწესებს და არ უწესებს რუსეთს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს ვიდრე რუსეთს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოზა დავიჭიროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაზიანებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ამისათვის მე არ მგონია, რომ საქართველოს დასჯა ვინმემ მოინდომოს. ჰააგაშიც მხარი დავუჭირეთ ჩვენ იმ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის, თუმცა მეორე მხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ამიტომ არის, რომ ფრენები არის თავისუფლად. ცალმხრივად დაწესებული სანქციები რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა. როდესაც ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვითხოვდით ამის მოხსნას, ჩვენ თვითონ ამის დაწესებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატს ჰკითხეს, „ნაცმოძრაობიდან“ წასულ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიეცემათ თუ არა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა.

„წარმოუდგენელია, მაგრამ საუკუნის აფიორა დაალაგეს და ამერიკულ კანონზე ნახევარ ქვეყანას აძახებინეს, რომ ეს რუსული კანონია, ალბათ გათამამდნენ ამ პიარკამპანიის გარკვეული წარმატებით და სადაც ამერიკული რუსული გახდა, იქ დეკანოიძის და გოცირიძის შემოტანილი ინიციატივა შეიძლება იყოს სხვების სასარგებლო. ასე ფიქრობენ, მაგრამ მარტივად იშიფრება ასეთი ამბები და იმისთვის ვართ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი ვამხილოთ. თუ იქნება მხარდაჭერა, ეს გადაწყდება მხოლოდ უმრავლესობის სხდომაზე“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი