ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს - კობახიძე

30 მაისი 2023, 13:17 648 ნახვა

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი მიზეზი. ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას და სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ხელისუფლება დასჯიდა არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას.

"გუშინ ევროკავშირის ელჩები იყვნენ მისული ეკონომიკის მინისტრთან, ე.წ. დემარშით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს. ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული და ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება და მეორე, ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი შედეგები. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით“- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ ის რადიკალური ლიდერი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა შემდეგი რამ, ის პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას ნატოს დათმობას ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ.

„ეს დაადასტურა მიხეილ საკაშვილმა. ეს არის მისი დამოკიდებულება.დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოსკენ სწრაფვა. ეს არის მათი განცხადება. არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე. ამაზე არ ყოფილა საუბარი. აქ საუბარია ფაქტის კონსტანტაციაზე, რომ რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩვენი პოზიცია წერია კონსტიტუციაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი