მისასალმებელია ნებისმიერი სივრცე, რომელიც საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება - ილია დარჩიაშვილი

01 ივნისი 2023, 17:32 750 ნახვა

ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ახალი სივრცე, პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითიც კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა შეაფასა.

მისივე თქმით, სამიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ისაუბრონ როგორც ქვეყნის გამოწვევებზე, ისე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ახლად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და ევროკავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ეს არის უკვე მეორე სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ახალი სივრცე, პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება. სწორედ ამის დასტურია, რომ საქართველოს პრემიერი-მინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ვისაუბროთ, ერთი მხრივ, ჩვენს გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომლებიც ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, დღეს ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმ ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და მომავალზე, რომლებიც იღვწიან და რომელთა საგარეო პოლიტიკაშიც ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დარწმუნებულია, პარტნიორები სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო უსამართლო და ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ამ პოზიციას ხშირ შემთხვევაში უკვე ჩვენი პარტნიორებიც ჩვენთან საუბრებში ეთანხმებიან. უკვე ყველა ხედავს საჭიროებას, იმის აუცილებლობას, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ პარნტიორებთან ჩვენს ძალისხმევაზე და ჩვენს ვალდებულებებზე, მომავალში ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნებაზე და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული, რადგანაც, ერთი მხრივ, საქართველო გამოწვევების ფონზე ახერხებს ყველაფერს, რათა ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა ხედავდნენ მათგან შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმის საჭიროებას. ეს არის დისკუსიის საგანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვარ, ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას გვერდით უდგას და მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩვენ, ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგანაც გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდით დავუდგეთ. საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ასევე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში