საქართველოს მასტერლიგის  ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულა 

08 ივნისი 2023, 00:00 578 ნახვა

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ამ მატჩამდე ორივე გუნდს პლეიოფის საგზური განაღდებული ჰქონდა, თუმცა გასარკვევი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა იყო. მაროკო ბოლო ტურის მატჩს უკეთესი ბურთების სხვაობით შეხვდა და შესაბამისად საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ მოგება აწყობდა.

თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო. მე-6 წუთზე ავტოგოლის ავტორი ლაშა თოთაძე გახდა და მაროკო დაწინაურდა. მე-9 წუთზე ჩვენმა ნაკრებმაც წონასწორობა ავტოგოლით აღადგინა. ლუკა ბლიაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში უკვე მაროკოელთა კაპიტანმა, იუსუფ ტაუფიკმა ჩაჭრა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში როგორც ერთ ასევე მეორე გუნდს საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო პირველზე პოზიციაზე ბურთების უკეთესი შეფარდებით მაროკო გავიდა. 

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში 8 ივნისს ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში