საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან - შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 21:12 494 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ბოლომდე ოპტიმისტური განწყობა რატომ არ აქვთ.

პაპუაშვილის განცხადებით სხდომაზე ბევრი არაობიექტური განცხადება მოისმინა.ასევე პარლამენტის თავმჯდომარის თქმით საქართველო არათუ წელს, შარშანაც იმსახურებდა სტატუსს.

„დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, დამახინჯებული ფაქტებით, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებით. ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, რა არის ამის უკან მოტივაცია. საქართველოს სტატუსი როცა არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან, ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებების გამო, როგორიც არის ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი, განსჯა, ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს, მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ იმ სამ რეზოლუციას, ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მომავალში სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში